ევროპარლამენტმა უმრავლესობით დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც რეკომენდაციას უწევს ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებს, იმუშაონ მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება მოლდოვის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე და ხაზგასმულია, რომ ქვეყანა ძირითად რეფორმების გატარებისას სწორ გზას ადგას.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს, მეტი მხარდაჭერა გაუწიოს მოლდოვას, ახალი მაკროფინანსური დახმარების, ტრანსპორტისა და ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის ღონისძიებების და ლტოლვილთა მართვისა და ჰუმანიტარული მიზნების მხარდაჭერის უწყვეტობის გზით.
იმავდროულად, ევროპარლამენტი აცხადებს, რომ ევროკავშირმა და მოლდოვამ უნდა გააგრძელონ მუშაობა ქვეყნის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისა და დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით.
ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ მოლდოვის ხელისუფლება დემოკრატიზაციის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სწორ გზას ადგას.
რეზოლუცია ასევე გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას დნესტრისპირეთის რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ევროპარლამენტი მხარს უჭერს მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მოითხოვს, რუსეთმა გაიყვანოს თავისი ძალები დნესტრისპირეთიდან.
შეგახსენებთ, 3 მარტს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოლდოვის ევროკავშირში წევრობის განაცხადს ხელი მოაწერა.