რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ვრცელი განცხადებით ეხმიანება რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის, პაპი ფრანცისკეს მიერ იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს.
რომის პაპმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 40 წუთის განმავლობაში Zoom-ის საშუალებით ესაუბრა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს, რომელიც 16 მარტს შედგა.
"პირველი 20 წუთის განმავლობაში მან [კირილმა] წაიკითხა ფურცელზე დაწერილი ტექსტი, რომელიც ხელში ეწერა. ფურცელზე ეწერა ყველა ის მიზეზი, რომლითაც ამართლებდა რუსეთის შეჭრას", - თქვა პაპმა.
რომის პაპის თქმით, კირილთან საუბრისას განაცხადა, რომ სასულიერო პირები არ უნდა საუბრობდნენ პოლიტიკის ენით. "პატრიარქი არ უნდა დამდაბლდეს და არ გახდეს პუტინის სტიქაროსანი", - თქვა პაპმა ინტერვიუში პატრიარქ კირილთან საუბრის კომენტირებისას.
მოსკოვის საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რომის პაპმა "არასწორი ტონი შეარჩია ამ საუბრის შინაარსის გადმოსაცემას" და ეს "სამწუხაროა".
"ასეთმა განცხადებებმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელი შეუწყოს კათოლიკურ და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის კონსტრუქციულ დიალოგს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერიოდში", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პრესსამსახურის განცხადებაში დეტალურად არის მოთხრობილი, თუ რა უთხრა რომის პაპს პატრიარქმა კირილმა.
კერძოდ, რუსეთის ეკლესიის ცნობით, პატრიარქმა კირილმა რომის პაპს უთხრა, რომ "კონფლიქტი დაიწყო 2014 წელს კიევის მაიდანზე განვითარებული მოვლენებით, რასაც მოჰყვა უკრაინის ხელისუფლების შეცვლა".
ამასთან, მოსკოვის საპატრიარქოს განცხადებით, პატრიარქმა კირილმა ისიც გაიხსენა, რომ "საბჭოთა ეპოქის ბოლოს რუსეთმა მიიღო გარანტია, რომ ნატო აღმოსავლეთისკენ ერთი სანტიმეტრით არ დაიძვრებოდა, მაგრამ ეს დაპირება დაირღვა".
მოსკოვის საპატრიარქოს ცნობით, პატრიარქმა კირილმა რომის პაპს უთხრა, რომ "ეს სიტუაცია მისთვის დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული და სთხოვა მას, ეფიქრა იმაზე, თუ რა წვლილის შეტანა შეეძლოთ სიტუაციის დამშვიდებაში "საერთო მიზნის მისაღწევად - მშვიდობისა და სამართლიანობის განსამტკიცებლად".