საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს შეკითხვებს უპასუხა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის სამედიცინო კომისიის დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს მართლაც აქვს "ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები", თუმცა, მას "მიეწოდება სერვისები, რომელზეც თავად ამბობს უარს".
"პენიტენციურ სამსახურს აქვს პასუხისმგებლობა, ისევე, როგორც ნებისმიერ პატიმარზე, სააკაშვილს გაეწიოს სათანადო სამედიცინო მომსახურება, რათა ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში რაც მოვისმინეთ, ყველაფერს რომ ჩამოვაცილოთ ის ბურუსი, რომელითაც ხანდახან ცდილობენ, შეფუთონ მდგომარეობა, არის შემდეგი. როგორც პენიტენციური სამსახური, ისე რამდენადაც გავეცანი ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, მიუთითებენ, რომ მართალია, არსებობს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ სააკაშვილს მიეწოდება სერვისები, რომელზეც თავად ამბობს უარს. მაგალითად, გარკვეული სამედიცინო პერსონალის მომსახურებაზე თუ გარკვეულ მკურნალობაზე", - თქვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, გულშემატკივრებმა სააკაშვილის სამედიცინო დახმარების მიღებაზე უნდა "დაიყოლიონ".
"განმარტებები იყო, რომ სააკაშვილი უარს ამბობს გარკვეული სამედიცინო მომსახურების მიღებაზე. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ადამიანი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას. მნიშვნელოვანია, ნაცვლად იმისა, რომ მისი გულშემატკივრები დაკავებული იყვნენ წახალისებით, მან ეს ქმედება გააგრძელოს, უნდა დაიყოლიონ სააკაშვილი, რომ მიიღოს ის სამედიცინო სერვისი, რომელიც მას შჭირდება", - განაცხადა პაპუაშვილმა.