უკრაინაში ხანმოკლე და მოულოდნელი ვიზიტის შემდეგ, შეერთებული შტატების კონგრესის წარმოამდგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ამერიკულ დელეგაციასთან ერთად პოლონეთში გაემართა, სადაც სასაზღვრო ქალაქ ჟეშოვში მედიისთვის კომენტარი გააკეთა.
ნენსი პელოსი ხელმძღვანელობდა კონგრესის პირველ ოფიციალურ დელეგაციას, რომელიც უკრაინას ომის გაჩაღების შემდეგ ეწვია. ამასთან, ნენსი პელოსი ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსია, რომელიც უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ჩავიდა.
პელოსიმ თქვა, რომ მან და ზელენსკიმ განიხილეს ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება მისი ვიზიტის დროს, რომელიც სულ რაღაც სამ საათზე გაგრძელდა.
მისი თქმით, „დიდი პატივია“ ზელენსკისთან შეხვედრა და მას „კონგრესისგან ერთიანობის გზავნილი და უკრაინელი ხალხის სიმამაცით აღტაცება გადასცა“.
ნენსი პელოსის განცხადებით, ამერიკა უკრაინის გვერდით იქნება ბრძოლაშ გამარჯვებამდე.
„უკრაინაში დიდი მწუხარებით ჩამოვედით, თუმცა დიდი სიამაყით ვტოვებთ იმის მტკიცე გაგებით, თუ რისი გაკეთებაა საჭირო. მზად ვიქნებით გავაკეთოთ ყველაფერი, რაც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად იქნება საჭირო, რადგანაც ისინი დემოკრატიას საკუთარი ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის იცავენ. ამერიკა უკრაინის გვერდით დგას, ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ გამარჯვებამდე და ჩვენ ვდგავართ ნატო-ს გვერდით", - თქვა პელოსიმ.