ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის მირჩა ჯოანას განცხადებით, ალიანსი მოცემულ მომენტში მოლდოვისა და საქართველოსთვის სამხედრო რისკებს ვერ ხედავს. ამის შესახებ მან რუმინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მირჩა ჯოანას განცხადებით, ნატო ელოდება მორიგ პროვოკაციებს დნესტრისპირეთის არაღიარებულ რეგიონში, თუმცა თავად მოლდოვას სამხედრო საფრთხე ჯერ არ ემუქრება.
მისივე თქმით, დნესტრისპირეთში პროვოკაციების მოწყობა უკრაინისთვის პრობლემების შექმნას ისახავს მიზნად.
"ამჟამად ჩვენ ვერ ვხედავთ სამხედრო რისკებს მოლდოვის ან საქართველოს - კიდევ ერთი ქვეყნის მიმართ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან ინტენსიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. თუმცა, ჩვენ ველით პროვოკაციებს, "ცრუ დროშის" ოპერაციებს იმ მიზნით, რომ პრობლემები შეუქმნას არა მოლდოვას, არამედ უკრაინულ ძალებს ქვეყნის დასავლეთში და ოდესის რეგიონში", - განაცხადა მირჩა ჯოანამ.