სანქციების გამო, კომპანია "IDS ბორჯომი" წარმოებას დროებით აჩერებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან, კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო" მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა".
"კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.
კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც, სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანია იძულებულია, ა.წ. 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი.
იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა", – ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია IDS Borjomi Beverages რუსულ "ალფა-ჯგუფს" ეკუთვნის, რომელიც სანქციების ქვეშ მოყვა. სანქცირებულია ასევე "ალფა ჯგუფის" დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი.