კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინისთვის იარაღის, მათ შორის მძიმე შეიარაღების გადაცემა, ძირს უთხრის კონტინენტის უსაფრთხოებას.
პესკოვი ამ კომენტარით გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის, ლიზ ტრასის განცხადებას, რომლითაც მან მოუწოდა კიევის მოკავშირეებს, გააძლიერონ სამხედრო წარმოება უკრაინის დასახმარებლად.
ამავდროულად, ლიზ ტრასმა ისიც აღნიშნა, რომ დასავლეთმა, უკრაინასთან ერთად, იარაღი საქართველოსა და მოლდოვასაც უნდა მიაწოდოს.
"იარაღის, მათ შორის მძიმე იარაღის უკრაინაში გადატუმბვის ტენდენცია, არის ის ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას, იწვევს არასტაბილურობას", - თქვა პესკოვმა.
მანამდე, აგრესორი რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გააფრთხილა ქვეყნები, "რომლებიც უკრაინის ომში ჩარევით რუსეთისთვის "სტრატეგიულ საფრთხეებს" შექმნიან, "ელვისებური" საპასუხო დარტყმის წინაშე აღმოჩნდებიან".