გერმანიის ბუნდესტაგმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებას მხარი დაუჭირა.
წინადადებას მხარი მმართველმა კოალიციამ და უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა დაუჭირეს.
დოკუმენტი სახელწოდებით "მშვიდობისა და თავისუფლების დაცვა ევროპაში - უკრაინის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა" მოუწოდებს ფედერალურ მთავრობას, "გააგრძელოს და, თუ ეს შესაძლებელია, დააჩქაროს უკრაინისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდება, ასევე გააფართოვოს მძიმე შეიარაღებისა და კომპლექსური შეიარაღების სისტემების მიწოდება".
გერმანელი კანონმდებლების განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ისე უნდა მოხდეს, რომ არ შეასუსტოს თავად გერმანიის თავდაცვისუნარიანობა.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მთავრობის მიერ ამ მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, დახმარებას ომის დანაშაულების გამოძიებაში და გერმანიის ინფრასტრუქტურის რესტრუქტურიზაციაში, რათა ის აღარ იყოს დამოკიდებული რუსეთისგან ენერგომომარაგებაზე.
"გერმანიის ბუნდესტაგი მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ამავდროულად, აღნიშნავს, რომ რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო და ჰუმანიტარულ სამართალს და ცდილობს სამუდამოდ გაანადგუროს ევროპული სამშვიდობო წესრიგი", - ნათქვამია დოკუმენტში.
ინიციატივას ეწინააღმდეგებოდა ულტრამემარჯვენე პარტია "AfD/ალტერნატივა გერმანიისთვის". მათი განცხადებით, მძიმე იარაღის მიწოდება ომის გამოცხადებასთან ახლოსაა და შესაძლოა გერმანია ბირთვულ კონფლიქტში ჩაითრიოს.
გერმანია ასევე აპირებს მეტი ჯარისკაცის გაგზავნას აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს სამხედრო ყოფნის გასაძლიერებლად და ასევე მოუწოდებს რუს ჯარისკაცებს, იარაღი დადონ, რათა შემდგომში ეძიონ თავშესაფარი გერმანიასა და ევროკავშირში.