საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 30% სრულად, ხოლო 19% ნაწილობრივ უჭერს მხარს ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.
ამავე კვლევის შედეგების მიხედვით, ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ 11% – ნაწილობრივ ეწინააღმდეგება, ხოლო 25 პროცენტი სრულად წინააღმდეგია.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ.
მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს.
მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.