საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის ყველაზე მაღალი მოწონება პატრიარქ ილია მეორეს აქვს (92%). მეორე ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძეა (53%), მას სალომე ზურაბიშვილი მოსდევს - 52%-ით, მეოთხე ადგილზე ირაკლი ღარიბაშვილია 47%-ი, მეხუთე ადგილს კი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იკავებს - 44%-ით.
კვლევის მიხედვით, ერთნაირად მოსწონთ (31-31%) ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. 40%-ს მოსწონს გიორგი გახარია, 39%-ს ირაკლი კობახიძე, ხოლო 37%-ს - თეა წულუკიანი.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ.
მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს.
მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.