არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ იმისთვის, რომ მეორე ფრონტს არ ვხსნით, ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს და დაიმახსოვროს - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ალექსეი არესტოვიჩის განცხადების კომენტირებისას.
როგორც ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, საქართველო უკრაინას ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, როგორც ჰუმანიტარულ, ისე პოლიტიკურ ჭრილში.
„საქართველო მოქმედებს ეროვნული ინტერესების და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების შესაბამისად. ჩვენ ვუწევთ უკრაინას ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას, როგორც ჰუმანიტარულ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში. ამის შესახებ საყოველთაოდ ცნობილია. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენი ნაბიჯები და დახმარება იყოს ქმედითი, პროდუქტიული და შედეგიანი. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენს ნაბიჯებს ძალიან კარგად იცნობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, ჩვენ არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ იმისთვის, რომ მეორე ფრონტს არ ვხსნით. ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს და დაიმახსოვროს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.