უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, 20 აპრილს ჰუმანიტარული დერეფნით მარიუპოლიდან ოთხი საევაკუაციო ავტობუსი გავიდა, 21 აპრილს ევაკუაცია გაგრძელდება.
"გუშინდელი ჰუმანიტარული კორიდორით ქალაქიდან ოთხი საევაკუაციო ავტობუსის გამოსვლა მოხერხდა. მათ ღამე ბერდიანსკში გაათიეს და ახლა ვასილიევკისკენ მიემართებიან. მათ მალე ზაპოროჟიეში ველოდებით", - წერს ვერეშჩუკი ტელეგრამ-არხზე.
ვიცე-პრემიერის თქმით, 21 აპრილს ისევ გაგრძელდება მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების გამოყვანა. ევაკუაციის მსურველი მოქალაქეების შეკრება ადგილობრივი დროით 14:00 საათიდან დაიწყება.
ვერეშჩუკის განცხადებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, მარშრუტი შესაძლოა, შეიცვალოს. მან მოსახლეობას მოუწოდა თვალი ადევნოს ოფიციალურ ინფორმაციებს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მარიუპოლის "აზოვსტალზე" შტურმის გაუქმების ბრძანება გასცა.