აგრესორი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "აზოვსტალის" სამრეწველო ზონის შტურმის გაუქმების ბრძანება გასცა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცლებს.
პუტინის თქმით, "აზოვსტალის" ზონის შტურმი არამიზანშეწონილია. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე მან თავისი გადაწყვეტილება რუსი სამხედროებისთვის სიცოცხლის გადარჩენის მოსაზრებით ახსნა და მოითხოვა "აზოვსტალის" სამრეწველო ზონის ბლოკირება ისე, რომ "ბუზი ვერ შეფრინდეს".
"ეს ის შემთხვევაა, როდესაც უნდა ვიფიქროთ ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრების სოცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. არ არის საჭირი კატაკომბებში შეძვრომა და მიწისქვეშ ხოხვა ამ საწარმო ობიექტებში. დაბლოკეთ ეს სამრეწველო ზონა ისე, რომ ბუზი ვერ შეფრინდეს. შესთავაზეთ კიდევ ერთხელ ყველას, ვინც ამ დრომდე არ დაყარა იარაღი, გააკეთონ ეს. რუსული მხარე მათ სიცოცხლისა და ღირსეული მოპყრობის გარანტიას აძლევს ყველა შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მიხედვით. ყველასთვის, ვინც დაჭრილია, აღმოჩენილი იქნება კვალიფიციური სამედიცინო დახმარება", - განაცხადა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა პუტინმა.
ამასთან, რუსული მედია წერს, რომ სერგეი შოიგუმ პუტინს მარიუპოლის "გათავისუფლების" შესახებ აცნობა. შოიგუს განცხადებით, "აზოვსტალის" ტერიტორიაზე ბლოკირებულია 2 000-ზე მეტი მებრძოლი. მისივე თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ამჟამად მთელ მარიუპოლს აკონტროლებენ, მებრძოლები კი საიმედოდ არიან ბლოკირებული "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე.