მარიუპოლიდან 6 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაციის გეგმა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ შეიმუშავა, ოთხაშაბათს, 20 აპრილს ვერ განხორციელდა. ამის შესახებ ტელეგრამ-არხზე უკრაინის ვიცე პრემიერი ირინა ვერეშჩუკი იტყობინება.
ვერეშჩუკის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ზაპოროჟიეს მიმართულებით ქალაქიდან გაღწევა მოახერხა, ჰუმანიტარულმა დერეფანმა ვერ იმუშავა ისე, როგორც დაგეგმილი იყო.
ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ რუსულმა მხარემ ვერ უზრუნველყო ცეცხლი შეწყვეტის ვალდებულება. ამის გარდა, "თანდაყოლილი დეზორგანიზებულობისა და დაუდევრობის" გამო, რუსმა სამხედროებმა ვერ უზრუნველყვეს ხალხის დროულად მიყვანა იმ ადგილამდე, სადაც მათ ათობით ავტობუსი და სასწრაფო დახმარების მანქანა ელოდა.
ვიცე-პრემიერის თქმით მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობა ხვალ დილიდან განახლდება. "მივმართავ ჩვენს ხალხს მარიუპოლში: ჩვენ ვიბრძოლებთ თითოეული თქვენგანისთვის!", - აღნიშნა ვერეშჩუკმა.
მანამდე მარიუპოლის მერმა გამოთქვა იმედი, რომ ქალაქში 90 ავტობუსი შევიდოდა, რომლებიც ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს გაიყვანდნენ.
რუსულმა მხარე ჰუმანიტარული ოპერაციის ჩაშლაში ტრადიციულად უკრაინა დაადანაშაულა.