ლუჰანსკის ოლქის ხელმღვანელი სერჰი გაიდაი CNN-ს განუცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო არმია ოლქის ტერიტორიის 80 პროცენტს აკონტროლებს.
მისი თქმით, სიტუაცია უკიდურესად რთულია.
"ჩვენ აქ ძალიან სერიოზული სიტუაცია გვაქვს. ლუჰანსკის ოლქის მთელი ტერიტორია იბომბება. არ არსებობს უსაფრთხო ქალაქი... ჩვენ გვესმის, რომ რუსეთი წინ მიიწევს და გზად ყველაფრის განადგურებას ცდილობს. ამიტომ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ხალხის ევაკუაცია მოვახდინოთ", - აღნიშნა მან.
გაიდაიმ მშვიდობიან მოქალაქეებს მოუწოდა დატოვოს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონი, რადგან საომარი მოქმედებები ძლიერდება. მისივე თქმით, 350 ათასი ადამიანიდან, რომლებიც ოლქის ტერიტორიაზე ომამდე ცხოვრობდნენ, დარჩენილია 70 ათასამდე მცხოვრები.
როგორც გაიდაიმ აღნიშნა, საომარი მოქმედებების დასრულება შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმების მიღწევით, თუმცა მისი თქმით, რუსებისადმი ნდობა რთულია.
"ისინი გამუდმებით ცრუობენ. ამის შესახებ ყველასთვის ცნობილია, მათი არავის სჯერა. დღეს რუსეთი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი მსოფლიოს მტერია. მათი ამბიციები უკრაინას სცდება", - განაცხადა გაიდაიმ.