საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯეიმს აპატურაის მოუსმინეს.
პარლამენტში გამართული მოსმენის შემდეგ, ჯეიმს აპატურაიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს ვიზიტი ადასტურებს ნატოს გადაწყვეტილებას, უფრო მეტი გაკეთდეს ალიანსის პარტნიორებისთვის, უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გათვალისწინებით.
"ჩამოვედი ნატოს მთავრობების გადაწყვეტილების შესაბამისად, რომ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ საქართველოს და სხვა ევროპელი პარტნიორების მხარდასაჭერად ამ ძალიან რთულ გარემოში. რუსეთის ომმა უკრაინაში ფუნდამენტურად შეცვალა უშიშროების რუკა ევროპაში და ის გრძელვადიანად შეცვალა. ეს გადაწყვეტილება ნატოს ქვეყნებმა უკვე მიიღეს ალიანსისთვის. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ უკრაინის მხარდასაჭერად, ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა შეწყვიტოს ეს ომი, ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ რუსეთის დიპლომატიური იზოლაციისთვის, კიდევ ერთხელ, რათა ზეწოლა განვახორციელოთ ამ ომის შესაჩერებლად. ამას გარდა, მათ გადაწყვიტეს, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი უახლოესი პარტნიორების, მათ შორის მხარდასაჭერად - ამიტომაც ვარ აქ - კიბერუსაფრთხოების სფეროში, ჰიბრიდული უსაფრთხოების სფეროში, ენერგეტიკული უსაფრთხოების განსახილველად
აპატურაის თქმით, ნატო-ს მთავრობებს სურთ, საქართველოში იხილონ რეფორმების გაგრძელება და ნაკლებად პოლარიზებული გარემო.
"ნატო-ს სურს, იხილოს საქართველოს მხრიდან რეფორმების გაგრძელება, გვსურს, ვიხილოთ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. გვინდა ვნახოთ, რომ მთავრობა და ოპოზიცია ერთად მუშაობენ, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური უთანხმოების მიღმა მიიღება", - თქვა აპატურაიმ.
მისი განცხადებით, საქართველომ, ისევე, როგორც ნატოს წევრმა ყველა ქვეყანამ გააძლიეროს კიბერუსაფრთხოება.
"ჩვენ გვინდა საქართველოსთან ერთად ვიმუშაოთ ამის გასაკეთებლად და ჩვენ გვაქვს იდეები, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. რაც შეეხება ჰიბრიდულ თავდასხმებს - ესაა კოორდინირებული შეტევები დეზინფორმაციით, ენერგეტიკული კუთხით, ასე შემდეგ, ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს იდეები, რომლებსაც უფრო დეტალურად სპეციალისტებთან ერთად განვიხილავ. რაც შეეხება ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, საქართველოს როლი ევროპისთვის ენერგიის მიწოდების საქმეში უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რადგან ევროპის ქვეყნები აჩერებენ ენერგეტიკის მიწოდებას რუსეთიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც აქ განვიხილეთ - როგორ შეუძლია საქართველოს უკეთ დაიცვას ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა კიბერთავდასხმებისგან, ფიზიკური თავდასხმებისგან, და ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ თანამშრომლობას ვაპირებთ წელს. მადრიდის სამიტისთვის, სადაც, ველი რომ ნატოს მთავრობები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ ნატოს კარი ღიაა, და ღიაა საქართველოსთვის, გვექნება კონკრეტული იდეები, რათა მეტი გავაკეთოთ საქართველოს დასახმარებლად", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
აპატურაიმ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიერთების საკითხზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
"ნატო, როგორც ორგანიზაცია არ მონაწილეობს სანქციებში. ცხადია, რომ საქართველო არის ძალიან რთულ გეოგრაფიულ და უსაფრთხოების გარემოში. ამასთან, ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს სურთ, იხილონ, რომ თანამოაზრე ქვეყნები მაქსიმუმს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად“, – განაცხადა აპატურაიმ.