უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ პირველ ცნობებს ავრცელებს მას შემდეგ, რაც ღამით რუსეთის არმიამ დონბასზე სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ცენტრალური და აღმოსავლეთი რეგიონებიდან სამხედრო კოლონები უკრაინის მიმართულებით იგზავნება.
რუსული ჯარები ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის თავდაცვა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, რათა დაამყარონ სრული კონტროლი რეგიონში და ხელში ჩაიგდონ სახმელეთო დერეფანი, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს დროებით ოკუპირებულ რეგიონებსა და ანექსირებულ ყირიმს.
გენერალური შტაბის ცნობით, რუსული სამხედრო შენაერთები აგრძელებენ ხარკოვის ნაწილების ბლოკირებას და ძალისხმევას მარიუპოლზე სრული კონტროლის დასამყარებლად.
მათივე ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს ბელორუსის ტერიტორიის გამოყენებას უკრაინული დასახლებების დაბომბვისთვის.
უკრაინის არმიის სარდლობა ასევე იუწყება, რომ უკრაინელი სამხედროები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში განაგრძობენ მტრის შეტევის მოგერიებას.
18 აპრილს, საღამოს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონბასში დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევა.
ფოტო: უკრაინელი მებრძოლი/Reuters