ისრაელში მცხოვრები ნავთობკომპანია „იუკოსის“ ყოფილი თანამფლობელი ლეონიდ ნევზლინი ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ინფარქტი დაემართა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. რუსეთმა ნევზლინს დაუსწრებლად უვადო პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მას მოსკოვში საქმიან და პოლიტიკურ წრეებთან კავშირები ამ დრომდე შენარუნებული აქვს. აღნიშნულ ინფორმაციას ნევზლინი სწორედ ამ წყაროებზე დაყრდნობით Facebook-ზე ავრცელებს.
მისი თქმით, შოიგუს ინფარქტი ბუნებრივი მიზეზით არ დამართნია.
"შოიგუ თამაშს გამოეთიშა, თუ გადარჩება, შესაძლოა, ინვალიდად დარჩეს. მას უცებ ინფარქტი დაემართა, ის რეანიმაციაშია, აპარატზე შეერთებული", - წერს ბიზნესმენი.
მისივე თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 20 გენერალი დაკავებულია. ამის მიზეზი, შესაძლოა იყოს ის, რომ 2014 წელს მაღალჩინოსნებმა მოიპარეს დიდი რაოდენობით თანხა, რომელიც პუტინმა სრულმასშტაბიანი შეჭრის მომზადებისთვის გამოყო.
"დაპატიმრებულია თავდაცვის სამინისტროს 20 გენერალი. აქ ყველაფერი ნათელია - სახსრების ტოტალურად მიტაცება. 2014 წელს მოპარულია დაახლოებით 10 მლრდ დოლარი, რომელიც პუტინმა გამოყო ბლიცკრიგის მოსამზადებლად", - წერს ნევზლინი.
ნევზლინის თქმით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერის არკადი დვორკოვიჩის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. პუტინის ყოფილი მრჩეველი ვლადიმირ სურკოვი კი შინაპატიმრობაში იმყოფება. ის ეჭვმიტანილია ომისთვის გამოყოფილი თანხის მიტაცებაში. ამავე საქმეზე დაპატიმრებულია 20 გენერალი.
რუსეთში ნევზლინის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. კრემლს არც დაუდასტურებია და არც უარყვია ინფორმაცია შოიგუს შესაძლო ინფარქტის შესახებ.