კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მოსაზრებას იზიარებს და უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენიციდად აფასებს.
"ვფიქრობ, რომ ეს სწორია, როდესაც უფრო მეტი ადამიანი იყენებს სიტყვა გენოციდს იმის აღსაწერად, რასაც რუსეთი აკეთებს, რაც გააკეთა ვლადიმირ პუტინმა", - განუცხადა ტრუდომ ჟურნალისტებს კვებეკში.
"ჩვენ ვნახეთ თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, იარაღად სექსუალური ძალადობის გამოყენება. ეს სრულიად მიუღებელია", - განაცხადა კანადის პრემიერმა.
ტრუდომ აღნიშნა, რომ კანადა ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დააინიცირა პროცესი, რათა პასუხისგებაში მიეცეს პუტინი ომის დანაშაულებისათვის.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს გენოციდი უწოდა. "მე ამას გენოციდი ვუწოდე, რადგან სულ უფრო ცხადი ხდება, რომ პუტინი ცდილობს გაანადგუროს თავად უკრაინელად ყოფნის იდეა", - განაცხადა მან.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უარი თქვა, გენოციდი ეწოდებინა უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის.
"დღეს ასეთ ტერმინებთან მიმართებით ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან", - თქვა მაკრონმა.