კრემლში განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული, ყოფილი უკრაინელი დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას არ აპირებს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, მედვედჩუკი რუსეთის მოქალაქე არ არის და არ იციან სურს თუ არა თავად მას ტყვეებში გაცვლა.
"რაც შეეხება გაცვლას, რაზეც ასეთი მონდომებით ლაპარაკობენ კიევში, მედვედჩუკი არ არის რუსეთის მოქალაქე. მას არ აქვს კავშირი სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან. ის უცხო ქვეყნის პოლიტიკური მოღვაწეა. ჩვენ ისიც არ ვიცით სურს თუ არა მას რუსეთმა რაიმე ფორმით მიიღოს მონაწილეობა ამ სამარცხვინო სიტუაციის მოგვარებაში", - განაცხადა პესკოვმა.
ვიქტორ მედვედჩუკი გუშინ დააკავეს. უკრაინელ ტყვეებში მისი გაცვლის ინიციატივით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა.
ვიქტორ მედვედჩუკს უკრაინის გენერალური პროკურატურა სახელმწიფო ღალატსა და ტერორორისტულ ორგანიზაციისთვის ხელშეწყობაში სდებს ბრალს. მას შინაპატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მან გაქცევა მოახერხა. პუტინი მისი შვილის ნათლიაა.