ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი 11 აპრილს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
როგორც ნეჰამერმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას სურს ხელი შეუწყოს კიევსა და მოსკოვს შორის დიალოგს და ასევე აპირებს რუსეთის პრეზიდენტთან განიხილოს უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულები.
კანცლერის თქმით, მისი ვიზიტი კოორდინირებულა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანთან.
"მსურს გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია, რათა ხელი შევუწყო უკრაინაში ომის დასრულებას, მაშინაც კი, თუ ეს ვიზიტი რუსეთის მიერ პროპაგანდისტული მიზნებისთვის იქნება გამოყენებული", - თქვა ნეჰამერმა.
ნეჰამერი იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პირველი ლიდერი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ეწვევა პუტინს მოსკოვში.
შეგახსენებთ, 9 აპრილს ავსტრიის კანცლერი კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.