„პირველი, ნიკა მელია ჩემი მემკვიდრე არ არის. მეორე, ეროვნული სპორტია აქ, ღობის იქით ფურთხება, მე ამაში არასოდეს მონაწილეობა არ მიმიღია, არც ახლა ვაპირებ, - თქვა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, როდესაც გადაცემის წამყვანმა ჰკითხა: „ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, მათ შორის თქვენმა მემკვიდრემ, ნიკა მელიამ გაგაკრიტიკათ და თქვა, რომ მთელი კვირაა, რეცხავთ „ქართულ ოცნებას“, როგორ შეაფასებდით ამას“.
მისი თქმით, ყველამ ფაქტებზე უნდა ილაპარაკოს. მისივე თქმით, როდესაც ადამიანს ფაქტები არ მოსწონს, ეს „მისი პრობლემაა“.
„პირველი, ნიკა მელია ჩემი მემკვიდრე არ არის. მეორე, ეროვნული სპორტია აქ, ღობის იქით ფურთხება, მე ამაში არასოდეს მონაწილეობა არ მიმიღია, არც ახლა ვაპირებ. მესამე, საინტერესოა, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო, თუ არ სურთ, მართლა იყვნენ, დემოკრატიული, ცივილიზებული თანამეგობრობის ნაწილი. მაგალითად, იმ 93 სახელმწიფოში არ იყვნენ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი და სომხეთი, საერთოდ არ მივიდნენ ხმის მიცემაზე. არც თავი შეუკავებიათ, არც მხარი დაუჭერიათ, არც წინააღმდეგ მიუციათ ხმა. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ასეთი სახელმწიფო ორი ჩვენი მეზობელი სომხეთი, აზერბაიჯანი, ხოლო მესამე, იყო ვენესუელა. ასე რომ, ვერ გავიგე, სრული ქაოსია. რამდენიმე გადაწყვეტილების მიღების ცენტრია „ქართულ ოცნებაში?.
ჟურნალისტი იქნება, პარლამენტის წევრი თუ ადამიანი, რომელიც პოლიტიკაშია, თავს პოლიტიკოსად თვლის ან მართლა პოლიტიკოსია და ასე შემდეგ, კაცო, ფაქტებზე უნდა ელაპარაკო. ფაქტები თუ არ მოგწონს, ეს შენი პრობლემაა. საქართველომ ამ ინიციატივებს, საერთაშორისო ინიციატივებს მხარი კი არ დაუჭირა, ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო. ხომ ფაქტია? როგორ შეიძლება, ეს არ თქვა, ეს ხომ ჩვენს ქვეყანასაც ეხება. ინიციატორი ხარ ჰააგაში, ორ რეზოლუციაზე გაერო-ში და ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, დაზაფრული ვარ ამ შეურაცხმყოფელი, გაუგებარი, ყველასთვის დამაზიანებელი განცხადების. ჩემი სამშობლოა, ჩემი საქართველოა და ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, რასაც არ აკეთებს უნდა ითქვას და რაც მე და თქვენ წაგვადგება, სახის დამალვა არ მოგვიწევს, როდესაც ჩვენ მოკავშირეებს ველაპარაკებით. რაც ამაზრზენი, შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.