ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოკავშირეები უკრაინის, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინის მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
კიევისთვის მხარდაჭერის კონტექსტში, სტოლტენბერმგა ხაზი გაუსვა ნატოს პოზიციას, რომ ალიანსი პირდაპირ არ ჩაერთვება ომში და უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის.
"მოკავშირეები ძალიან აქტიურად მუშაობენ და მათ აქვთ მოტივაცია, უფრო აქტიურად, საკმაოდ ხანგრძლივად იმუშაონ, რათა დავეხმაროთ მამაც უკრაინელებს, დაიცვან თავიანთი ქვეყანა, თავიანთი მოქალაქეები და შესაბამისად, გააძევონ რუსული ჯარები. ასევე, მოკავშირეები აძლიერებენ ფინანსურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ჩვენ ვისაუბრეთ მხარდაჭერის შესახებ კიბერუსაფრთხოების კუთხით. ასევე, დავეხმარებით უკრაინას, დაიცვას თავი ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეებისგან", - თქვა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მხარდაჭერის გაზრდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიმართულებით იგეგმება.
"მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ პარტნიორებს უნდა დავეხმაროთ, რათა მათ თავიანთი მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა გააძლიერონ. მათ შორის საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. საქართველოს შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, გავზარდოთ მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიმართულებით. მაგალითად, კომუნიკაციების მიმართულებით და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ბოსნია და ჰერცეგოვინას მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია, თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდის პაკეტი წარვადგინოთ. ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა ამ მიმართულებით", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.