ბელარუსის ავტოკრატი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ ბელარუსი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთოს.
ლუკაშენკომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ბელარუსის გარეშე ვერანაირი მოლაპარაკება ვერ შედგება. მისი თქმით, აღნიშნული პოზიციის რეალიზაცია ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს უკვე დაევალა.
"რაკი ჩაგვრთეთ ამაში, უპირველესად დასავლეთის ქვეყნებმა, ამ მოლაპარაკებებზე, ბუნებრივია, ბელაურისის პოზიცია უნდა გაჟღერდეს. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ რუსეთთან ერთად ერთ კალათაში ჩაგვსვეს. გამოვდივართ იქიდან, რომ ეს ომი ჩვენი ქვეყნის ღობის მიღმაა და ის სერიოზულ გავლენას ახდენს ბელარუსის სიტუაციაზე. ამიტომ ბელარუსის ზურგს უკან ვერანაირი შეთანხმება ვერ იქნება", - განაცხადა ლუკაშენკამ.
ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინას და რუსეთს უკვე ეცნობა პოზიცია მოლაპარაკებებში ბელარუსის მონაწილეობის აუცილებლობის შესახებ.