პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში, ფედერაციის საბჭოში შეხვედრებს მართავენ.
ფედერაციის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინაშვილი და თარხან მოურავი 4 აპრილს ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ვლადიმირ ჯაბაროვს შეხვდნენ.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს.
"ჩვენს ქვეყნებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში უამრავი ადამიანია, ვინც რუსეთთან კონტაქტების გაფართოების მომხრეა", - თქვა ჯაბაროვმა.
დავით თარხან მოურავის განცხადებით, "პატრიოთა ალიანსი" მხარს უჭერს საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეას.
"მან ასევე ისაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივად მომგებიანი კავშირების შემდგომი შენარჩუნებისა და განვითარების შესახებ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეხვედრაზე დიალოგის გაგრძელება გადაწყდა.