მტკიცედ მოვუწოდებ, ეს საკითხი გადატანილ იყოს შესაბამის არხებზე, სადაც შესაბამისად იქნება გამოძიებული და გადაწყვეტილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.
"ეს არის სეროზული განცხადებები, ბრალდებები. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, სჭირდება გარკვევა და ეს უნდა მოხდეს სამთავრობო არხების მეშვეობით საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ იგი არ მისცემს ამის საშუალებას, რომ მოხდეს რამე ამგვარი დარღვევა. ხშირად მესმის ხოლმე, რომ ამბობენ – არავის შეუძლია ამ სასტიკი ომის შეჩერება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, პუტინს შეუძლია, რადგან მან დაიწყო ეს ომი. სანქციები არსებობს, რათა მოხდეს მასზე ზეწოლა და ეს უნდა თანმიმდევრული, ერთიანი, მას უნდა ემორჩილებოდეს ყველა, რათა ეს ზეწოლა განხორციელდეს. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
რაც შეეხება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ საქართველომ უნდა წარადგინოს არგუმენტები, დეგნანის თქმით, აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნას სამთავრობო არხებით და არა მედიის წინაშე.
"ეს ნამდვილად ძალიან სერიოზული საკითხებია, რომლებიც არ უნდა გადაწყდეს მედიის წინაშე. ამისათვის აუცილებელია, მოხდეს მნიშვნელოვანი სამთავრობო არხების გამოყენება, რაც არსებობს. ასეთი ურთიერთდაპირისპირებით სარგებელს იღებს მხოლოდ რუსეთი. მტკიცედ მოვუწოდებ, ეს საკითხი გადატანილ იყოს შესაბამის არხებზე, სადაც შესაბამისად იქნება გამოძიებული და გადაწყვეტილი", - განაცხადა კელი დეგნანმა.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
უკრაინული დაზვერვის მტკიცებით, საქართველოს სპეცსამსახურებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფენ გამოთქმულ ბრალდებებს.