მივმართავთ ყველას, ვინც ამ კამპანიაში რაიმე ფორმით არის ჩართული, განსაკუთრებით ომის პარტიას და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტეთ ჰიბრიდული ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ნუ ცდილობთ საქართველოს ომში ჩათრევას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
„საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის წარმომადგენლები თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევენ. ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯები არის გარანტი, რომ ქვეყანა განაგრძობს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. აქვე, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო არასდროს შეწყვეტს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმაზე“, - თქვა მდინარაძემ და არ გამორიცხა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის ახალი ტალღა ვიხილოთ.
"უახლოეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის, და პროვოკაციების ახალ ტალღას, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევის და ასევე, მეორე ფრონტის გახსნაზე იქნება ორიენტირებული. ამისთვის უკვე მზადდება ნიადაგი და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მეგობარი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც, როგორც ჩანს, ამ კამპანიის ნაწილია“, - თქვა მდინარაძემ.
ამასთანავე, მდინარაძე უკრაინის შესაბამისმა სამსახურებისგან მდინარაძე საქართველოსთვის წაყანებული ბრალდების მტკიცებულებებს კატეგიულად ითხოვს.
„კატეგორიულად მოვითხოვოთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან საჯაროდ, იმავე წყაროებით და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს მიმართ“, – თქვა მდინარაძემ.
მისი თქმით,აშკარაა, რომ დღეს, უკრაინის ხელისუფლებაში, სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი რადიკალური ქართული ოპოზიციის, იგივე ომის პარტიის წარმომადგენლები და მათი კოლეგები საქართველოს წინააღმდეგ ღია, დაუფარავ ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ.
„საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, როგორც ომის პარტიის, ასევე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად იმეორებენ ფრაზას ,,საქართველო არაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად’’ მაშინ, როდესაც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ჰქონდა მკაფიო, პრინციპული პოზიცია! ასე იყო ევროსაბჭოში, სადაც საქართველომ რუსეთისთვის წევრობის სტატუსის შეჩერებას დაუჭირა მხარი; გაეროში - სადაც საქართველო შესაბამისი რეზოლუციის თანასპონსორი იყო; პრინციპული პოზიცია გვქონდა ეუთოში, ჰააგის სასამართლოსთან მიმართებით და ყველგან, სადაც უკრაინას ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა დასჭირდა და სჭირდება. აღარაფერს ვამბობთ ასობით ტონა ჰუმანიტარულ ტვირთზე.
ჩვენ ყველგან უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ! ამ ფონზე, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი, ამჯერად სრულიად გაუგონარი განცხადება, რომელიც შეურაცხმყოფელია, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რასაც დღეს სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაემატა მტკიცებულებების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რაც არათუ მხოლოდ ბუნებაში არ არსებობს და აბსურდია, არამედ მსგავსი სიბინძურე ფიქრადაც არავის გაუვლია ჩვენი მხრიდან! მტკიცებულებები მოთხოვო მას, ვისაც წარმოუდგენელი განზრახვა და დანაშაული დააბრალე, სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილი ნოუ-ჰაუა ამ სფეროში.
გასაგებია, რომ ამგვარი განცხადებების უკან, საქართველოში ომის პარტიის, ოპოზიციის და უკრაინაში ხელისუფლებში მყოფი ცალკეული ადამიანები დგანან, მათ შორის, უკრაინის უსაფრთხოების სისტემაში უკანასკნელ პერიოდში დანიშნული პირი, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც კატეგორიულად მოვითხოვოთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან საჯაროდ, იმავე წყაროებით და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის - საქართველოს მიმართ.
სრულიად გამაოგნებელია, რომ ამ ყველაფერზე საუბარი გვიწევს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ღია აგრესიის, ომის და იმ უკიდურესად შემაშფოთებელი კადრების ფონზე, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში და ზოგადად, ომის დაწყების დღიდან ვხედავთ.
ასევე გამაოგნებელია, რომ ღია კონფრონტაციაში შემოდიან ქვეყანასთან, რომლის 20% იმავე სახელმწიფოს, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე და მის წინააღმდეგ ომს აწარმოებს.
ამავე დროს, არსებობს უამრავი ქვეყანა, რომლის მიმართაც ერთი საყვედურიც კი არ დაცდენიათ იმის მიუხედავთ, რომ ეს ქვეყნები არათუ სანქციებს უერთდებიან, არამედ საქართველოსგან განსხვავებით, არც ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე არ გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ", - თქვა მდინარაძემ.