ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომსა და მოსკოვისთვის სანქციების გამკაცრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ჟოზეპ ბორელმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გაწეული ფინანსური დახმარების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს თანხა მიზერულია იმასთან შედარებით, რასაც ბლოკი რუსეთს ენერგომატარებლებისთვის უხდის.
ბორელის განცხადებით, ევროკავშირმა ომის დაწყებიდან 35 მილიარდი ევრო გადაუხადა რუსეთს ენერგორესურსების საფასურის სახით, მაშინ როდესაც, უკრაინას მხოლოდ 1 მილიარდი ევროთი დაეხმარა.
„ჩვენ უნდა დავეხმაროთ [უკრაინელებს] თავის დაცვაში... ჩვენ უკრაინას 1 მილიარდი ევრო მივეცით, ეს შეიძლება ბევრი ჩანდეს, მაგრამ 1 მილიარდ ევროს ვუხდით პუტინს ყოველდღიურად იმ ენერგიისთვის, რომლითაც ის გვამარაგებს“, - განუცხადა მან ევროპარლამენტს.
ბორელის თქმით, უმნიშვნელოვანესია, ევროკავშირმა შეამციროს რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება.
ჟოზეპ ბორელის ამ განცხადების ფონზე, ბრიუსელში ევროკავშირის ელჩები იკრიბებიან, რათა განიხილონ რუსეთის წინააღდეგ სანქციების მე-5 პაკეტით გათვალისწინებული წინადადებები, რომელიც ევროკომისიამ გუშინ წარადგინა.
მე-5 პაკეტით გათვალისწინებულია რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მუშაობს დამატებით ზომებზე, მათ შორის ნავთობის იმპორტის შეზღუდვაზე.