ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტთან დაკავშირებით წინადადებები წარადგინა.
"რუსეთი აწარმოებს სასტიკ, დაუნდობელ ომს, მათ შორის უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენ უნდა განვახორციელოთ მაქსიმალური წნეხი. ამიტომ დღეს წარვადგენთ სანქციათა მეხუთე პაკეტს", - განაცხადა მან და სანქციათა ახალი პაკეტის ძირითადი პუნქტები დაასახელა:
სანქციები ითვალისწინებს რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას წელიწადში 4 მილიარდი ევროს ოდენობით;
რუსეთის ოთხი ძირითადი ბანკის, მათ შორის VTB-ის ტრანზაქციების სრულ აკრძალვას;
რუსული ხომალადებისთვის ევროკავშირის პორტებზე წვდომის აკრძალვას (გამონაკლისია საკვები პროდუქტების, ჰუმანიტარული დახმარების და ენერგომატარებლების მიწოდება);
რუსეთისა და ბელარუსის ავტოსატრანსპორტო ოპერატორების აკრძალვას;
ასევე, ექსპორტის აკრძალვას წელიწადში 10 მილიარდი ევროს ოდენობით კრიტიკულ სფეროებში: ნახევარგამტარები, მანქანათმშენებლობა და ტრანსპორტი. წელიწადში 5,5 მილიარდი ევროს ღირებულების საქონლის იმპორტის აკრძალვას.
ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობისა და და რუსეთის სახელმწიფო ორგანოების ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის აკრძალვას.
"ჩვენ ვმუშაობთ დამატებით სანქციებზე, მათ შორის ნავთობის იმპორტის მიმართაც", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ასევე სანქციები დაეკისრება ფიზიკურ პირებსაც.