ჩეხეთმა უკრაინაში რამდენიმე ათეული Т-72 ტანკი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Echo24 ავრცელებს.
ჩეხეთმა უკრაინას უსასყიდლოდ გადასცა არამოდერნიზებული საბჭოთა პერიოდის Т-72 ტანკები, რომელიც რეზერვში ჰქონდა. უკრაინაში გაიგზავნა ჩეხოსლოვაკიის წარმოების ქვეითთა საბრძოლო მანქანებიც (ბმპ-1).
ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის ევროპის საკითხების კომიტეტის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ონდრჟეი ბენეშიმ Twitter-ზე დაწერა, რომ ეს დახმარება ის არის, რაც უკრაინის არმიას სჭირდება. მისივე თქმით, ჩეხეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას მომავალშიც გაუწევს.
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ ტანკების გაგზავნის ფაქტი ირიბად დაადასტურა, მაგრამ დეტალების გარეშე.
"დამიჯერეთ, ჩვენ უკრაინელ მეგობრებს ვუგზავნით საჭირო სამხედრო აღჭურვილობას. და ჩვენ გავაგრძელებთ ამას", - დაწერა მან ტვიტერზე. "მესმის უბრალო ადამიანური ცნობისმოყვარეობა, მაგრამ მეტს ვერ გეტყვით."