ესპანეთის მთავრობა ქვეყნიდან სულ მცირე 25 რუს დიპლომატსა და რუსეთის საელჩოს თანამშრომელს გააძევებს. იტყობინება ესპანური გამოცემა El Espanol-ი საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ხოსე მანუელ ალბარესის განცხადებით, მადრიდის ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ რუსი დიპლომატები საფრთხეს წარმოადგენენ ესპანეთის უსაფრთხოებისთვის, ასევე იმ ვითარებით, რაც მოხდა ბუჩასა და მარიუპოლში.
"ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის აუტანელი კადრები ჩვენს აღშფოთებას იწვევს, ომის დანაშაულები სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული", - თქვა ალბარესმა.
მისი თქმით, დიპლომატებმა ქვეყანა "უახლოეს დღეებში" უნდა დატოვონ.
მანამდე, რუსი დიპლომატები გააძევეს საფრანგეთმა, იტალიამ, დანიამ, შვედეთმა და გერმანიამ.
უფრო ადრე, ლიეტუვამ და ლატვიამ, ბუჩაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის გამო, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევა გადაწყვიტეს. შედეგად, რიგამ და ვილნიუსმა რუსეთის ელჩები გააძევეს და მათი ელჩები მოსკოვიდან გამოიხმეს.