საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, დროა, გაჩაღდეს სამოქალაქო არაძალადობრივი წინააღმდეგობა, რადგან სწორად თანმიმდევრული, დაუღალავი, არაძალადობრივი ფართო წინააღმდეგობა არის ყველაზე ეფექტური გზა, რომელიც იწვევს რეჟიმების ცვლილებას.
"ქადაგიძის განცხადებით, რუსულ ჭაობში ჩაძირვის საფრთხე ძალიან მაღალია, რომ ოლიგარქიის შეცვლა ფართო კოალიციური მმართველობით და სამართლებრივი, განვითარებული სახელმწიფოს აშენება არის ჩვენი წილი ბრძოლა რუსულ ბოროტებასთან.
მსოფლიოს ისტორიაში ნებისმიერი ბოროტების დროებით ზეიმს (ოკუპაციას, ომს) ყოველთვის ახასიათებს ხელისუფლებების/მოსახლეობის სეგმენტაცია სამ ძირითად ჯგუფად:
1. კოლაბორაციონისტული (მოთანამშრომლე) რეჟიმები და მათთან პირადი გამორჩენის მიზნით დაკავშირებული ჯგუფები/ინდივიდები
2. გადაუწყვეტელი, ამბივალენტური ან ყოველთვის ძალაუფლების მხარეს ყოფნის მსურველი ადამიანები
3. წინააღმდეგობის (რეზისტანსის) მოძრაობაში ჩართული ადამიანები და მოძრაობები
პირველ ჯგუფში ძალიან არასწორი ადამიანები ერთიანდებიან. მეორეში, დაკარგულები და არეულები, მაგრამ ჯერ კიდევ იმედი რომ არსებობს. აი მესამე ჯგუფი ის ხალხია, ვინც ისტორიის წიგნებს წერს და საკუთარ კომფორტს თმობს, იმისთვის რომ შემდეგ თაობას თავისუფალი და განვითარებული ქვეყანა დაუტოვოს. ასეთი ხალხის რაოდენობა განსაზღვრავს ვიმსახურებთ თუ არა საკუთარი სახელმწიფოს ქონას.
ეს პოსტი მათ გვეხება ვინც თავს მესამე ჯგუფს მიაკუთვნებს, ფიქრობს რომ რუსულ ჭაობში ჩაძირვის საფრთხე ძალიან მაღალია, რომ ოლიგარქიის შეცვლა ფართო კოალიციური მმართველობით და სამართლებრივი, განვითარებული სახელმწიფოს აშენება არის ჩვენი წილი ბრძოლა რუსულ ბოროტებასთან.
მეგობრებო, ნიჰილიზმის და უიმედობის დრო არ არის. ასევე არ არის სიძულვილის, ურთიერთწყენის და ნიშნის მოგების დრო.
ახლა დროა გავაჩაღოთ სამოქალაქო არაძალადობრივი წინააღმდეგობა. სწორად თანმიმდევრული, დაუღალავი, არაძალადობრივი ფართო წინააღმდეგობა არის ყველაზე ეფექტური გზა, რომელიც იწვევს რეჟიმების ცვლილებას.
იმიტომ გვჭირდება არაძალადობრივი სამოქალაქო წინააღმდეგობა ახლა, რომ ხვალ “კადიროვებთან” არ დაგვჭირდეს უკვე ძალადობრივი დაპირისპირება", - წერს გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში.