დღეს, დილით რუსეთის საოკუპაციო არმიამ საჰაერო იერიში მიიტანა უკრაინის სტრატეგიული მნიშვნელობის საპორტო ქალაქ ოდესაზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, განადგურდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და საწვავისა და საპოხი მასალების შესანახი ობიექტები.
აგრესორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ცნობით, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა გემებიდან და თვითმფრინავებიდან.
"დღეს დილით, მაღალი სიზუსტის საზღვაო და საჰაერო რაკეტებმა გაანადგურეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და საწვავის და საპოხი მასალების სამი საცავი ქალაქ ოდესასთან, საიდანაც საწვავი მიეწოდებოდა უკრაინის ჯარების ჯგუფს ნიკოლაევის მიმართულებით", - თქვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა.
თავის მხრივ, ოდესის საკრებულოს დეპუტატმა პეტრ ობუხოვმა განაცხადა, რომ ქალაქში დაბომბვის ერთ-ერთი სამიზნე იყო "ინფრასტრუქტურული ობიექტი". ობუხოვს არ დაუკონკრეტებია რომელ ობიექტს გულისხმობდა.
მანამდე, უკრაინული ძალების ოპერატიული სარდლობის "სამხრეთის" ოფიცერმა ვლადისლავ ნაზაროვმა განაცხადა, რომ რუსეთის არმია თავს დაესხა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
უკრაინული გამოცემა UNIAN-ი იუწყება, რომ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, "სეპარატისტებმა გამოაქვეყნა საწვავის და საპოხი მასალების შესანახი ობიექტების ადგილმდებარეობა და მიუთითეს ზუსტი მისამართები".
წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.