2 აპრილს, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო.
პარტია Fidesz-ს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მეთაურობით, რომელიც ქვეყანას 12 წელი მართავს, არჩევნებში ექვსი ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი ბლოკი უპირისპირდება.
Zavecz Research-ის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ორბანის პარტია Fidesz ლიდერობს 39%-იანი მხარდაჭერით ოპოზიციის 36%-ის წინააღმდეგ, ხოლო ამომრჩეველთა მეხუთედს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ვის დაუჭიროს მხარი არჩევნებში.
კენჭისყრა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე მიმდინარეობს. ორბანმა წინა ღამით, ამომრჩევლებისთვის ბოლო ვიდეომიმართვაში, ოპოზიცია უნგრეთის ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა.
"მემარცხენეებმა დადეს პაქტი უკრაინელებთან და თუ გაიმარჯვებენ, უნგრეთს ომში ჩაითრევენ", - ამტკიცებდა ორბანი, თუმცა ასეთი შეთანხმების არსებობის რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია.
ოპოზიცია ორბანის წინააღმდეგ გაერთიანდა
ოპოზიციურ ბლოკში შედიან არა მხოლოდ მემარცხენე და სოციალ-დემოკრატიული პარტიები, არამედ "მწვანეები", ლიბერალური და მემარჯვენე კონსერვატიული ძალები.
ოპოზიციურ ბლოკს მეთაურობს, პრემიერ-მინისტრობის ერთიანი კანდიდატი, 49 წლის უპარტიო კონსერვატორი, პეტერ მარკი-ზაი, რომელიც ორბანს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან მეგობრულ კავშირებში ადანაშაულებს.
1-ელ აპრილს, ოპოზიციის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე, მარკ ზაიმ ორბანი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა მოსკოვთან მჭიდრო კავშირის გამო.
"ჩვენ ყველას გვარცხვენს ვიქტორ ორბანი, მაგრამ ახლა ამ სირცხვილს ჩამოვირეცხავთ", - თქვა მან.
მიუხედავად კრიტიკოსების ბრალდებებისა, რომ ორბანის პოლიტიკა უნგრეთს ავტორიტარიზმისკენ მიაქანებს, ის კვლავ ინარჩუნებს პოპულარობას ქვეყანაში. მისი მომხრეები ირწმუნებიან, რომ უნგრეთში მრავალწლიანი სტაგნაციის შემდეგ, ორბანმა შეინარჩუნა ეროვნული სუვერენიტეტი და ქრისტიანული იდენტობა.
ბოლოს, საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში 2018 წელს ჩატარდა, სადაც ორბანის Fidesz-მა და მისმა კოალიციურმა პარტნიორმა, ქრისტიან დემოკრატებმა მოიპოვეს ხმების 48%. შედეგად, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის 199 მანდატიდან 133 მკაცრი კონსერვატორების ხელში აღმოჩნდა.
შედეგად, Fidesz-მა შეინარჩუნა 2010 და 2014 წლებში მოპოვებული "სუპერუმრავლესობა", რაც საშუალებას აძლევს ყველა ძირითადი კანონპროექტისთვის პარლამენტში მხარდაჭერა მოიპოვოს.