ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ სასტიკად მოკლული არჩილ ტატუნაშვილი დღეს 39 წლის გახდებოდა.
არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას მუხთაგვერდის სასაფლაოზე პატივი მიაგეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ და ახალგორის რაიონის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა.
„დღეს ჩვენი დროის გმირის არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. იგი 39 წლის გახდებოდა. სამწუხაროდ, დამნაშავეები, რომლებმაც მისი სიცოცხლის ხელყოფაში მიიღეს მონაწილეობა, დღემდე რეალურად დაუსჯელნი არიან. სახელმწიფო მაქსიმალურს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რათა მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს, რათა დასრულდეს ოკუპაცია და სათანადო პასუხი აგონ იმ ადამიანებმა, ვინც ამ უკანონობას სჩადიან.
ამ დღეებში ჩვენ ვიხილეთ კიდევ ერთი უკანონობის დადასტურებისა თუ დამტკიცების მცდელობა, როცა დე ფაქტო რეჟიმისა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე გააკეთეს განცხადებები. ჩვენ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მსოფლიოს ცივილიზებულ ნაწილთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, ამ უკანონობის დასასრულებლად და ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ არჩილ ტატუნაშვილისა და ჩვენი გმირების სიცოცხლე, მათი დაღვრილი სისხლი, იქნება საფუძველი, გარანტი იმისა, რომ მომავალში ოკუპაცია აღარასდროს განმეორდება და თაობები გაიზრდებიან ამ გმირობების მაგალითზე. ის თაობები, რომლებიც აუცილებლად დამოუკიდებელ, ერთიან და მშვიდობიან საქართველოში იცხოვრებენ“, - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.
არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღის თარიღს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლება ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს იყენებს, რათა მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუღძვის მის სიკვდილში.
"არჩილმა ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოსა და ღირსების დასაცავად. თითოეულ ჩვენგანს მუდამ გვემახსოვრება მისი გმირული თავგანწირვა, მის მაგალითზე აღიზრდებიან მომავალი თაობები. ჩვენ ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს ვიყენებთ იმისათვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუღძვის მის სიკვდილში. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან ერთად, პატივს მივაგებ დიდი მამულიშვილის ნათელ ხსოვნას", - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურე არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაურკვეველ ვითარებაში, წამებით მოკლეს.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს.
2018 წლის 24 მარტს არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.