ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა დღეს კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
შეხვედრის ამსახველი ფოტო მეცოლამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"გამბედაობა, ძალა, სიმტკიცე. ვოოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად კიევში. დიდება უკრაინას", - წერს მეცოლა.
მანამდე, რობერტა მეცოლა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს შეხვდა და განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას ომის შედეგად დაზარალებული ქალაქების ხელახლა აშენებაში დაეხმარება.
"ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ქალაქებისა და სოფლების ხელახლა აშენებაში, როცა ეს არასამართლებრივი, არაპროვოცირებული და არასაჭირო ომი დასრულდება.
ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება. ეს გაგრძელდება და გაიზრდება. ჩვენ მოვუვლით თქვენს ოჯახებს, ვინც იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, მაგრამ ეს გაგრძელდება იმ დღემდე ვიდრე ისინი შეძლებენ სახლში უსაფრთხოდ დაბრუნებასა და საკუთარი ცხოვრების ხელახლა აშენებას. მადლობა. დიდება უკრაინას", - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.