„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, თუ რატომ იკავებენ თავს უკრაინაში დაღული ქართველი მებრძოლების სამძიმარზე მისვლისგან. განმარტება მამუკა მდინარაძემ მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.
"როდესაც ქვეყანა, არა მხოლოდ საქართველო, არამედ აშშ, დიდი ბრიტანეთი და ა.შ აცხადებს, რომ წინააღმდეგია უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის, მაშინ უხერხული მომენტი ჩნდება, როგორ უნდა იქცეოდნენ ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენლები? რაიმე მოქმედება, თუნდაც გულწრფელი სამძიმარი აღიქმება თუ არა წახალისებად გარკვეული ქმედებების?
ჩვენ არ და ვერ ვუშვებთ ბევრი პოლიტიკური ფაქტორის გამო მოხალისეებს. ამ დროს ჩვენ უნდა დავფიქსირდეთ თუ არა იქ, თუ უბრალოდ, შემოვიფარგლოთ იმით, რასაც ვაკეთებთ.
ერთი მხრივ პროტოკოლური, მეორე მხრივ უხერხული საკითხია იმდენად, რამდენადაც ეს არის თუ არა წამახალისებელი ეფექტის მატარებელი, ამაზე დავა შეიძლება.
ჩვენ ვიფიქრეთ, რომ სამძიმარი გამოვუცხადოთ, მაგრამ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები მოხალისეებთან დაკავშირებით ეწევიან, ხომ არ შეგვეკავებინა თავი. შესაძლოა, ვცდებოდეთ, მაგრამ ეს არის გულწრფელი პასუხი, რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით ვთქვა. თქვენ კადრულობთ და ამ საკითხს ჰიბრიდული ომის ნაწილად ხდით", - თქვა მდინარაძემ.