საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" ორგანიზატორებს უარი უთხრა დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტის წინ დაგეგმილი "სახალხო კრების" მიმდინარეობის პირდაპირ ეთერში გაშუქებაზე.
"წარმომადგენლობითი სახალხო კრების" წარმომადგენლებმა ნონა გაფრინდაშვილმა, გურამ ფირცხალავამ და სოსო ჯაჭვლიანმა, აქციის პირდაპირ ეთერში გადაცემის თხოვნით, საზოგადოებრივ მაუწყებელს 24 ნოემბერს ოფიციალურად მიმართეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბგენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ განაცხადა, რომ არც ერთ პარტიას და არც ერთ მოძრაობას არ აქვს უფლება მიუთითოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რა ფორმით გააშუქოს ესა თუ ის შეკრება.
„ჩვენ შევეცდებით, რომ ამ კრების შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ. რა ფორმით იქნება ეს - მხატვრული ფიმლით, დოკუმენტურით, სიუჟეტით თუ თავიდან ბოლომდე პირდაპირი ეთერით - ჩვენი საქმეა",- განაცხადა გია ჭანტურიამ.
მისივე თქმით, ოპოზიციის შეკრებას უფრო ვრცლად საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხი" გააშუქებს, რადგან ის მთლიანად პოლიტიკურია, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, გადაცემის ფორმას "მეორე არხის" ხელმძღვანელობა განსაზღვრავს.
ნონა გაფრინდაშვილის თქმით, "სახალხო კრების" ორგანიზატორებისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა კრების გაშუქებას მაუწყებლის „პირველი არხის" პირდაპირ ეთერში, რათა რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს კრების მიმდინარეობის შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონოდათ.