აშშ-ში ფიქრობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მრჩევლები სიმართლეს უმალავენ უკრაინაში რუსეთის არმიის წარუმატებელობასა და სანქციებზე, რომელიც რუსეთის ეკონომიკას ანგრევს. ამის შესახებ CNN ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
მაღალჩინოსნის თქმით, მათ [მრჩევლებს] პუტინისთვის სიმართლის თქმის ეშინიათ და რუსეთის არმიის მოქმედებების შესახებ დეზინფორმაციას აწვდიან. მისივე თქმით, შესაბამისი დასკვნები ამერიკის დაზვერვის გასაიდუმლოებულ მონაცემებს ეფუძნება.
ამასთან, მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომელიც მოწმობს, რომ პუტინისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული დეზინფორმაციის შესახებ, რამაც გამოიწვია განხეთქილება მასსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს შორის.
"ჩვენი ინფორმაციით, პუტინმა შეიტყო, რომ რუსი სამხედრო პირების მიერ შეცდომაშია შეყვანილი. ამჟამად არსებობს მუდმივი დაძაბულობა, პუტინის მხრიდან თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიმართ უნდობლობის გამო", - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
მისი თქმით, პუტინმა არ იცოდა, რომ რუსეთის თავდაცვის უწყება "უკრაინაში იყენებს და კარგავს ახალწვეულებს, რაც ცხადყოფს რუსეთის პრეზიდენტისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდების აშკარა წარუმატებლობას".