ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრის დავით კირკიტაძის განცხადებით, წარმოდგენილ ამნისტიის კანონპროექტს ჰქონდა შანსი, რომ გამხდარიყო საყოველთაოდ მხარდაჭერილი.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ერთსულოვნად არის მხარდაჭერილი ამინისტიის პირველი ნაწილი, რომელიც ჰუმანური პრინციპიდან გამომდინარე ეხება კოვიდ პანდემიის შეზღუდვის სამართლიანი კომპენსირების მიზანს, თუმცა არ ეთანხმებიან კანონპროექტის მეორე ნაწილს.
„ამ ამნისტიით თავისუფლდებიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თავს აფარებდნენ ჩვენს ოკუპანტ ქვეყანას, ეს ადამიანები იყვნენ კორუმპირებულები და იპარავდნენ იმას, რაც ეკუთვნოდათ ქართველ ხალხს. ამ მუხლის გამო არ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ კანონპროექტს. ჩვენ არ ვაპირებთ გავიზიაროთ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და 82 ხმით ერთიs წინააღმდეგ მიიღო. ამნისტია ორი ბლოკისგან შედგება.
პირველი უკავშირდება კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო გარკვეული სასჯელების შემცირებას და მეორე ეხება დიფერენცირებული მიდგომას - ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთის სასჯელის მქონე პირთათვის შედარებით მცირე შეღავათის გავრცელებას და შედარებით მეტი შეღავათის გავრცელებას იმ პირებზე, ვისაც სასჯელის სახით ორ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა გათვალისწინებული. ასევე, დამატებით შეღავათია გათვალისწინებული ქალებისთვის, არასრულწლოვნებისთვის და 70 წელს ზემოთ მყოფი ხანდაზმული პირებისთვის, შესაბამისად, მათთან მიმართებაში ოდნავ დიდი იქნება ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათი.