საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ თავმჯდომარეს იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ ამნისტია კანაფის მოხმარებისთვის მსჯავრდებულებსაც უნდა შეეხოს და კოლეგებს აღნიშნულის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„რა გახდა, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან მოძალადეები, რომლებსაც არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, გავათავისუფლოთ ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც დღეს დადასტურებულად ვიცით, რომ საფრთხეს არ წარმოადგენს. არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული სტატისტიკა ძალადობის, მკვლელობის თუ ავტოსაგზაო შემთხვევის მას შემდეგ რაც ნარკოპოლიტიკა ასე თუ ისე შევცვალეთ. პირიქით, შემცირდა მომხმარებლების რაოდენობა, შემცირდა გარდაცვალების რაოდენობა, რომლებიც რაღაც უცნაურ ნარკოტიკს მოიხმარდნენ. ამიტომ გთხოვთ მხარდაჭერას, რომ ამნისტია შეეხოს ხალხს, რომელიც კანაფის გამო ზის ციხეში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და 82 ხმით, ერთი წინააღმდეგი მიიღო. ამნისტია ორი ბლოკისგან შედგება.
პირველი უკავშირდება კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო გარკვეული სასჯელების შემცირებას და მეორე ეხება დიფერენცირებული მიდგომას - ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთის სასჯელის მქონე პირთათვის შედარებით მცირე შეღავათის გავრცელებას და შედარებით მეტი შეღავათის გავრცელებას იმ პირებზე, ვისაც სასჯელის სახით ორ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა გათვალისწინებული. ასევე, დამატებით შეღავათია გათვალისწინებული ქალებისთვის, არასრულწლოვნებისთვის და 70 წელს ზემოთ მყოფი ხანდაზმული პირებისთვის, შესაბამისად, მათთან მიმართებაში ოდნავ დიდი იქნება ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათი.