გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ გერმანია მზად არის, იყოს უსაფრთხოების გარანტორი უკრაინისთვის. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის სპიკერმა შტეფან ჰებესტრეიტმა განაცხადა. იუწყება Reuters.
ჰებესტრეიტს არ დაუკონკრეტებია უსაფრთხოების გარანტია შეიცავს თუ არა სამხედრო კომპონენტს.
მანამადე, გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა, რომ ლონდონი თანახმაა, კიევის მიმართვის შემთხვევაში, იყოს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი.
შეგახსენებთ, 28 მარტს, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე, უკრაინის მხარემ რუსეთს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პირობები წარუდგინა და ის ქვეყნები დაასახელა, ვისაც გარანტორებად განიხილავს. უკრაინის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიები საერთაშორისო ხელშეკრულებით უნდა განმტკიცდეს, რომელსაც უსაფრთხოების ყველა გარანტორი ხელს მოაწერს.
უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი.