დღეს, 25 ნოემბერს, სასტუმრო Radisson Blue Iveria-ში გაიმართება საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებული კვლევის - "მიგრაცია და განვითარება საქართველოში" - პრეზენტაცია.
კვლევა განხორციელდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის: "მიგრანტ მშრომელთა დაცვის გაუმჯობესება რუსეთის ფედერაციაში და მიგრაციის განვითარების ეფექტის გაძლიერება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში" RER/08/05/EEC ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევპოკავშირის მიერ.
პრეზენტაციისას წარმოდგენილი და გაანალიზებული იქნება ქვეყნის პოლიტიკა მიგრაციის კუთხით, ასევე უახლესი სტატისტიკა მიგრაციის ეკონომიკური ეფექტების შესახებ, რეკომენდაციები ევროკავშირთან "პარტნიორობა მობილურობისთვის" პროგრამის ფარგლებში არსებული პოტენციალის უკეთ გამოყენების გზებთან დაკავშირებით.
კვლევის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პუბლიკაციის "შსო-ს მრავალმხრივი საფუძვლები შრომითი მიგრაციის საკითხებში - შრომითი მიგრაციისადმი ადამიანის უფლებების დაცვაზე დამყარებული მიდგომის სარეკომენდაციო ნორმები და სახელმძღვანელო პრინციპები" პრეზენტაცია.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მიგრაციის საკითხების სამთავრობო კომისიის წარმომადგენლები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიგრაციის პროექტის ხელმძღვანელი სანდრა ვერმიუტენი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიგრაციის პროგრამის ექსპერტი გლორია მორენო-ფონტეს შამარტინი. ასევე, სოციალური პარტნიორები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.