რუსეთი არ არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ, რომელიც კიევთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს.
"რუსეთის ფედერაცია არ აპროტესტებს უკრაინის სურვილს გაწევრიანდეს ევროკავშირში", - განაცხადა მედინსკიმ "პირველ არხზე".
სტამბოლში მოსკოვისა და კიევის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები ცოტა ხნის წინ დასრულდა. მედინსკიმ შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა.
მედინსკის განცხადებით, მოსკოვი ორ ნაბიჯს დგამს კონფლიქტის დეესკალაციისთვის. მისი განმარტებით, საუბარია სამხედრო და პოლიტიკურ კომპონენტებზე.
"უკრაინა უარს ამბობს სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე, უცხოური სამხედრო ბაზების, კონტიგენტების განთავსებაზე, უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე გარანტორი ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, თანხმობის გარეშე", - ამბობს მედინსკი. "ამავე დროს, მოსკოვი არ ეწინააღმდეგება უკრაინის სურვილს გაწევრიანდეს ევროკავშირში", დასძინა მან.
მისივე თქმით, უკრაინული მხარის წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების სისტემის შესახებ არ ვრცელდება ყირიმისა და დონბასის ტერიტორიაზე.
"ანუ უკრაინა უარს ამბობს ყირიმის, სევასტოპოლის სამხედრო გზით დაბრუნების სურვილზე და აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკების გზით. რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ შეესაბამება ჩვენს პოზიციას, მაგრამ უკრაინამ საკუთარი მიდგომა ჩამოაყალიბა", - თქვა მედინსკიმ.
ვლადიმირ მედინსკის განცხადებით, უკრაინის წინადადებები განსახილველად გადაეცემა რუსეთის პრეზიდენტის და პოზიციები მოგვიანებით გახდება ცნობილი.