სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა. უკრაინული დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პირობები და ის ქვეყნები დაასახელა, ვისაც ასეთ გარანტორებად განიხილავენ. იუწყება უკრაინული მედია.
უკრაინამ განაცხადა, რომ მიიღებს ნეიტრალურ სტატუსს - რუსეთის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას - უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ
უკრაინამ რუსეთს წარუდგინა წინადადებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის თაობაზე ხელშეკრულების შესახებ. ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც უსაფრთხოების ყველა გარანტორი ხელს მოაწერს.
უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი.
უკრაინის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულება ასევე უნდა ასახავდეს გარანტორი ქვეყნების ურთიერთქმედების ეფექტურ მექანიზმს. ეს შესაძლოა ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსიც იყოს ("ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმის ტოლფასია"). თუ უკრაინის წინააღმდეგ ომი, აგრესია ან სპეცოპერაცია დაიწყება, გარანტორმა ქვეყნებმა უნდა გამართონ კონსულტაციები სამი დღის განმავლობაში, შემდეგ კი კანონით ვალდებულნი იქნებიან უკრაინას დახმარება გაუწიონ.
ამასთან, რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც ამ საკითხზე ეროვნული რეფერენდუმი ჩატარდება.
უკრაინა რუსეთს ასევე სთავაზობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ზელენსკისა და პუტინის პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად გადაწყდეს.
"რაც შეეხება "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" ტერიტორიებს, ეს საკითხები ცალკე პუნქტშია შეტანილი, რომელიც განიხილება უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებების ფარგლებში", - განაცხადა პოდოლიაკმა.
შეთავაზებული წინადადება ასევე მოიცავს ყირიმისა და სევასტოპოლის საკითხსაც. უკრაინა გამოდის წინადადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის სტატუსთან დაკავშირებით ორმხრივი მოლაპარაკებები 15 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში საკითხის გადასაწყვეტად არ იქნება გამოყენებული სამხედრო ძალა.
რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართა.