უმრავლესობის სხდომაზე ვისაუბრეთ იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც სამწუხაროდ ბევრი სპეკულაცია მოჰყვა. საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ნორმებზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს მოვისმინეთ, რომ თითქოს ეს ცვლილება შეეხება კომპეტენციების გამიჯვნის ნაწილში გარკვეულ საკითხებს. ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ნორმაში ცვლილება შეეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს საშუალება კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა იცოდეს თავისი კომპეტენციის ფარგლები. დღეს ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოგვმართა და მოგვიწოდა, რომ აღარ მივმართოთ სასამართლოს სარჩელებით. ეს ბუნებრივია უპრეცედენტო და წარმოუდგენელი მოვლენაა. მათი ლოგიკით, ვისაც რა უნდა ის შეუძლია დააბრალოს მმართველ გუნდს და მის წარმომადგენლებს და ჩვენ სარჩელიც კი არ უნდა შევიტანოთ ჩვენი უფლებების დასაცავად. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს ქმედება არის კოორდინირებული. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს, რომ „ნაცმოძრაობას“ ასე დაუჭიროს მხარი, მე ვპირდები, რომ ეს ქმედებები და მსგავსი საკითხები კიდევ უფრო კოორდინირებული იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ნებისმიერ დაბრალებაზე ვერ მოვიცლით, მაგრამ სარჩელები კიდევ ბევრი შევა მათი ტყუილებისთვის. ნურავის ექნება ილუზია, რომ მათი ტყუილები ასე გატარდება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.