დანიური ლუდის მწარმოებელი უმსხვილესი კონცერნი Carlsberg-ი აცხადებს, რომ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო, აპირებს გაყიდოს აქტივები და დატოვოს რუსული ბაზარი.
Carlsberg-ი რუსეთში ფლობს უდიდეს ლუდსახარშ "ბალტიკას".
"მივიღეთ რთული და აუცილებელი გადაწყვეტილება, რათა მოვახდინოთ რუსეთში არსებული ჩვენი ჰოლდინგის ქვეყნიდან სრული გაყვანა. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, ჩვენ აღარ ვიქნებით რუსეთში", - ნათქვამია კონცერნის განცხადებაში.
ჯერ კიდევ 9 მარტს, Carlsberg-ი აცხადებდა, რომ რუსეთში შეაჩერებდა საინვესტიციო პროექტებს, თუმცა მუშაობას გააგრძელებდა.
Carlsberg ფლობს 140 ბრენდს, მათ შორის Carlsberg, Tuborg, Kronenburg, Baltika და სხვა. პროდუქცია იყიდება 150-ზე მეტ ქვეყანაში. 2021 წელს რუსეთში ბიზნესის შემოსავალმა $960 მილიონი, საოპერაციო მოგებამ $100,41 მილიონი შეადგინა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის ბაზარი დატოვა ჰოლანდიურმა ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ Heineken-მა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსული ბაზარი არაერთმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა.