25 ნოემბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის მიმართულების პროფესორები თბილისის 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრას გამართავენ.
შეხვედრის მიზანია, ახალგაზრდებში ფრანგული ენისა და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება, რაც ხელს შეუწყობს ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობის გაცნობიერებას.
თსუ-ის პროფესორები ახალგაზრდებს მიაწვდიან ინფორმაციას საფრანგეთის უნივერსიტეტების სასწავლო და გაცვლით პროგრამებზე, ასევე გააცნობენ თსუ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ფრანგული ენის სწავლების მეთოდებს. შეხვედრისას მოსწავლეებს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მუშაობის შესახებაც მოუთხრობენ.