ჩეხეთმა რუსეთის სანქცირებული მოქალაქეების ასობით მლნ კრონის აქტივები გაყინა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ ჩეხეთის მედიას განუცხადა.
ფიალამ აღნიშნა, რომ აქტივების გაყინვის პროცესი გართულებულია, ვინაიდან ხშირად ეს აქტივები იზოლირებული არ არის და უფრო მსხვილი კომპანიების ნაწილს წარმოადგენს.
"ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილი, გავყინეთ რუსი ოლიგარქების ასობით მლნ კრონის აქტივები... და ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმეს", - განაცხადა მან.
თუმცა პრემიერ-მინისტრის თქმით, საჭირო იქნება ცვლილებების შეტანა კანონში, რათა პროცედურა სწრაფი და ეფექტიანი იყოს.
ფიალას მიაჩნია, რომ ჩეხეთი წამყვან როლს ასრულებს ევროკავშირში, როდესაც საუბარია სანქციებზე. მან ახსენა სია, რომელიც პრაღამ პოლონეთთან და სლოვენიასთან ერთად მოამზადა. სია ათი ნაბიჯისგან შედგება. მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ევროკავშირმა უნდა მიიღოს, თუ ნამდვილად სურს უკრაინაში ომის დასრულება.
სავარაუდო ღონისძიებებს შორის არის საერთაშორისო საბანკო სისტემა SWIFT-დან ყველა რუსული ბანკის გათიშვა და უფრო მკაცრი სანქციების დაწესება ბიზნეს-გარემოსთვის, რომელსაც კავშირი აქვს რუს ოლიგარქებთან.
აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი, რომელიც მანამდე სანქციების სასტიკი წინააღმდეგი იყო, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, კრემლის წინააღმდეგ უმკაცრეს სანქციებს დაუჭირა მხარი.