გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და საქართველოში მშვიდობის კორპუსის დირექტორმა რიჩარდ რეკორდმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
გარემოს დაცვის სამინისტრო ერთ-ერთი პირველია საქართველოს სახელმწიფო უწყებებს შორის, სადაც სამი თვის განმავლობაში მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლები იმუშავებენ გარემოსდაცვითი განათლების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული განათლების დონის შესწავლაში.
"სამინისტროში უკვე 2 მოხალისე მუშაობს. მათი სფერო გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა არის. მოხალისეები მხოლოდ ამ ერთი მიმართულებით არ იმუშავებენ. ჩვენ ვგეგმავთ კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი მოვიწვიოთ მშვიდობის კორპუსიდან, რომლებიც დაცული ტერიტორიების კუთხით იმუშავებენ", - განაცხადა ხაჩიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ხელშეკრულების ფარგლებში სხვადასხვა სახის პროექტები დაიგეგმება. მშვიდობის კორპუსის მოხალისეები უნივერსიტეტებსა და საჯარო სკოლებში ეკოკლუბების შექმნის სახელმძღვანელოს მოამზადებენ. ასევე, სამინისტროს ახალგაზრდებში ეკოდაჯილდოების სისტემის ჩამოყალიბებაში დაეხმარებიან.
"ვფიქრობ ეს არის ახალი თანამშრომლობის დასაწყისი. ჩვენ გარემოს დაცვის კუთხით სამინისტროსთან ადრეც გვქონდა მჭიდრო თანამშრომლობა და დღევანდელი მემორანდუმი სწორედ ამის ოფიციალური დასტურია. ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ არა მარტო გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით, არამედ ბუნებრივი რესურსების, დაცული ტერიტორიების და ყველა იმ სფეროში, რომელშიც სამინისტროა დაინტერესებული", - აღნიშნა ამერიკის მშვიდობის კორპუსის დირექტორმა საქართველოში რიჩარდ რეკორდმა.